გასული ღამის შემდეგ, უკრაინის ბევრ ოლქში საჰაერო განგაში მეორედ გამოცხადდა. ქვეყანაში ბალისტიკური დარტყმის საფრთხეც არსებობს. ლვოვსა და კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსების საჰაერო თავდასხმის შედეგად დნიპროსა და ხარკოვში არიან დაღუპულები, კიევში მოქალაქეები შენობების ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. მანამდე, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე თავდასხმა დრონებით განახორციელეს, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა მაღალსართულიანი შენობა დააზიანა და ხანძარი გამოიწვია. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას თავშესაფრებსა და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. რუსების მასიურ საჰაერო თავდასხმას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 110-მდე რაკეტა გაუშვეს, მაგრამ სამიზნეების უმეტესობა უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს.