უკრაინის ბევრ ოლქში საჰაერო განგაში წუხანდელი ღამის შემდეგ მეორედ გამოცხადდა. რუსებმა ღამით უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის დრონები გაუშვეს, ასევე არსებობს ბალისტიკური დარტყმის საფრთხე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლვოვში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.
პოდოლსკის რაიონში საწყობების ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები.
აფეთქებების ხმები ისმოდა კიევშიც.
დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, პოდოლსკის რაიონში საწყობი იწვის. "ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა", - აღნიშნა მერმა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა კიევის პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნიპროში ქალაქის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის.