ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლებს აფრთხილებს, სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია, სანამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში არაბულ ენაზე შეტყობინება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ დეირ ალ-ბალაში მდებარე თავშესაფრებში. ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში, ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულია ათობით ადამიანი და გამორიცხული არ არის რომ, გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია და იგი 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს. მისი თქმით, მიუღებელია როგორც ტერაქტების გამართლება, ასევე მათზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით პასუხის გაცემა.