როგორც ირკვევა მსყიდველობითი უნარის რეიტინგში საქართველო 76-ე ადგილს იკავებს და ეს მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა. გასულ წელს საქართველოში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 17 034 დოლარს შეადგენდა. ამავე სტატისტიკით რეიტინგში 86-ე ადგილზეა აზერბაიჯანი - 15 044 დოლარი, 79-ზე - სომხეთი - 16 041 დოლარი, 56-ზე - რუსეთი - 27 584 დოლარი, 50-ზე - თურქეთი - 32 997 დოლარი. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, ყველაზე მაღალია: ლუქსემბურგში - 115 542 დოლარი; ირლანდიაში - 113 871 დოლარი და სინგაპურში - 108 036 დოლარი. შემდეგ მოდის კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შვეიცარია, ნორვეგია, ამერიკის შეერთებული შტატები, დანია და ბრუნეი. ცნობისთვის, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგიაა. რადგან ერთი და იგივე მოცულობის ფულს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს და ფასები უფრო მაღალია მდიდარ ქვეყნებშია, ღარიბ ქვეყნებში ფულს მეტი მსყიდველობითი უნარი გააჩნია. მსყიდველობითი უნარის პარიტეტს ძირითადად მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითვლიან. ამის მიზანი კი, ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან შედარებაა