საახალწლო დღესასწაულებზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი შოკოლადი და მისგან დამზადებული ნაწარმია. როგორც აღმოჩნდა, იმპორტირებული პროდუქციიდან ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით რუსული შოკოლადი შემოდის. ჯამში კი წელს საქართველომ დაახლოებით 76 მლნ დოლარის პროდუქტი შეიძინა. თუმცა ჯერ ექსპორტით დავიწყოთ. წელს 11 თვეში, გასული წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან შოკოლადის ექსპორტი 34,5%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნიდან 1 351 ტონა და 7 მილიონ 352 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა, წინა წლის 11 თვეში კი 884 ტონა და 3 მილიონ 752 ათასი დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის განმავლობაში 18 850 ტონა და 76 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების შოკოლადი შემოვიტანეთ. შარშანდელთან შედარებით მცირედით, მაგრამ გაზრდილია იმპორტიც. საქსტატის მიხედვით, იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც წელს შოკოლადი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, 40,7%-ით რუსეთი ისევ ლიდერობს. შემდეგ პოზიციებს კი ინაწილებენ უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი და ბელგია. საქართველოდან კი ყველაზე დიდი რაოდენობით შოკოლადის ნაწარმი გავიდა სომხეთში, ირანში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში.