საქართველოში ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქარის ერთი ელექტროსადგური იმერეთში აშენდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატი იქნება, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს. პროექტის განხორციელებისთვის 130 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მეგავატიიქნება, გამომუშავება კი − 148 მლნ კვტ სთ-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში საინვესტიციო კაპიტალის მოცულობა 25,25 მლნ დოლარი იქნება. გარდა ამისა, დაახლოებით 5 მილიონ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10 მილიონ კილოვატ სთ იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.