1. საფრანგეთში, ვატრის აეროპორტში საწვავის შესავსებად დაშვებული თვითმფრინავი სამართალდამცველებმა შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტის შესახებ მიღებული ანონიმური შეტყობინების გამო დააყოვნეს. თვითმფრინავი 21 დეკემბერს რეისს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ნიკარაგუას მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე ეკიპაჟის 15 წევრი და 303 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მგზავრი ინდოეთის მოქალაქეა, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან. სამართალდამცველებმა ბორტზე მყოფი ადამიანები გამოკითხვისთვის აეროპორტის ტერმინალის ერთ-ერთ შენობაში გადაიყვანეს. სამგზავრო თვითმფრინავი რუმინულ ჩარტერულ კომპანია „ლეგენდ ეარლაინსს“ ეკუთვნის. კომპანიის უფლებადამცველის განცხადებით, გამოკითხვის შედეგად, ეკიპაჟის ყველა წევრი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. გამომძიებლებმა მგზავრობის მიზნის დაზუსტებამდე ორი პირი დააკავეს, თორმეტმა მგზავრმა კი, საფრანგეთს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. რამდენიმედღიანი გამოკითხვების შემდეგ, გამომძიებლებმა თვითმფრინავს გაფრენის ნება დართეს. რეისი სავარაუდოდ დღეს შესრულდება.