სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. BBC-ის ინფორმაციით, ბელგრადში მომიტინგეებმა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა, მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ შესაჩერებლად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა მიმართვა გაავრცელა და ოპოზიცია გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, რომელშიც მმართველმა ძალამ, ალექსანდრ ვუჩიჩის სერბეთის პროგრესულმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენებისა და სხვა დარღვევის ფაქტები დააფიქსირეს.