ჩეხეთის მთავრობამ, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად 14 ადამიანის დაღუპვის გამო, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შაბათს შუადღისას ქვეყნის მასშტაბით ზარები დაირეკება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.
ღამით გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.
შეგახსენებთ, 24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 25 - დაშავდა. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ნასამართლევი არ ყოფილა და ის მარტო მოქმედებდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა განაცხადა, რომ სროლას საერთაშორისო ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.