„ციფრული მომთაბარეებისთვის“ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში დასახელდა. სამოგზაურო და სავიზო საკონსულტაციო სერვისის, VisaGuide.World-ის მონაცემებით, საქართველო ასეთ ქვეყნებს შორი 24-ე ადგილზეა. „ციფრულ მომთაბარეებს” იმ ადამმიანებს უწოდებენ რომლებიც, ოფისის ნაცვლად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან დისტანციურად მუშაობენ. ისინი ხშირად იცვლიან ადგილსამყოფელს, რათა მათთვის იდეალური გარემო და სამუშაო სივრცე იპოვონ. VisaGuide.World-მა უცხოეთიდან კომფორტული მუშაობისთვის აუცილებელი ძირითადი პარამეტრები შეისწავლა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ვიზის ხელმისაწვდომობა; ინტერნეტის საშუალო სიჩქარე; საგადასახადო პოლიტიკა; ქვეყანაში დაბეგვრის გარეშე ყოფნის ხანგრძლივობა; ცხოვრების ღირებულება ევროში; ჯანდაცვის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის დონე და ქვეყნის პოპულარობა ტურისტებს შორის. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ესტონეთი და საქართველო მოხვდნენ. „ციფრული მომთაბარეებისთვის“ მიმზიდველობით ესტონეთი მე-20, საქართველო კი 24-ე ადგილზეა. საქართველოში ინტერნეტის ხარისხი ესტონეთზე უარესია, მაგრამ მასზე უკეთესი საგადასახადო შეღავათები გვაქს. ესტონეთში ისევე, როგორც საქართველოში 20%-იანი საშემოსავლო გადასახადია, მაგრამ საქართველოში „ციფრული მომთაბარეები“ ამ გადასახადს ექვსი თვის განმავლობაში არ იხდიან, ესტონეთში კი საშეღავათო პერიოდი არ არსებობს. რეიტინგში პირველ ადგილზე გასულ ესპანეთში 15%-იანი საშემოსავლო გადასახადი და, საქართველოს მსგავსად, ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი მოქმედებს. მაგრამ ინტერნეტის სიჩქარე ესპანეთში დაახლოებით რვაჯერ მაღალია ვიდრე საქართველოში, ვიზის პრეტენდენტისთვის მოთხოვნილი მინიმალური შემოსავალი კი ესპანეთში 2140 ევროა, საქართველოში კი 2000 ევროს შეადგენს. ცხოვრების ღირებულება ესპანეთში დაახლოებით 674 ევროა, საქართველოში კი 566. ჯანდაცვის განვითარება-ხელმისაწვდომობით ესპანეთს 60,9 ქულა აქვს, საქართველოს კი 52,6 ქულა. Digital Nomad Visa Index-ის მაქსიმალური ქულა 4,5-ია, რომელიც პირველ ადგილზე გასულ ესპანეთს მიენიჭა, საქართველოსთვის მინიჭებული ქულა კი 2,89-ს შეადგენს. რეიტინგში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საბერძნეთი, ბრაზილია, ისლანდია და კვიპროსი.