საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრის „მართლმსაჯულების სახლის“ ფილიალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტს ზუგდიდში „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებს პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნო. პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის ფილიალში პრაქტიკოსი იურისტები მომზადდებიან. პირველ ეტაპზე დასაქმდებიან აფხაზეთში მცხოვრები იურისტები და სტუდენტები, რომლებიც პროფესიული ეთიკის, დიპლომატიის და მოლაპარაკების ხელოვნების, ასევე ემოციური ინტელექტის, კომუნიკაციის ხელოვნების მიმართულებით და სამართლის ყველა სფეროში მომზადდებიან.