ამერიკელი სენატორების განცხადებით, აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას მომავალი წლის დასაწყისამდე არ მიიღებს. სენატორ ჩაკ შუმერის განცხადებით, დეკემბრისა და იანვრის არდადეგების დროს მოლაპარაკებები გაგრძელდება და მათი მიზანი შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა. რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ თიუნიმ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა 2024 წლის იანვრამდე შეუძლებელია. სენატში რესპუბლიკელების ლიდერის, მიჩ მაკკონელის ცნობით, მოლაპარაკებების დროს გარკვეული პროგრესი არსებობს, თუმცა პრობლემური საკითხები კვლავ რჩება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა.