აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას მომავალი წლის დასაწყისამდე არ მიიღებს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს.
„დეკემბრისა და იანვრის არდადეგების დროს მოლაპარაკებები გაგრძელდება და ჩვენი მიზანია, როგორც კი დავბრუნდებით, რაღაც გავაკეთოთ“, - განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ თიუნიმ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა 2024 წლის იანვრამდე შეუძლებელია.
„დემოკრატებმა დრო დაკარგეს და შობამდე საზღვრის უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღება შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯონ თიუნიმ.
სენატში რესპუბლიკელების ლიდერის, მიჩ მაკკონელის ცნობით, მოლაპარაკებების დროს გარკვეული პროგრესი არსებობს, მაგრამ პრობლემური საკითხები კვლავ რჩება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა.