თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნგრეთში ჩავიდა, სადაც მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მანამდე, ერდოღანი შეხვდა უნგრეთის პრეზიდენტს კატალინ ნოვაკს და მასთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტი თურქეთ-უნგრეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე შეხვედრის ფარგლებში ხორციელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები მიმდინარე რეგიონული, გლობალური საკითხების განხილვასა და რამდენიმე შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ. სხვადასხვა სფეროში 16 დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება. ლიდერები თურქულ-უნგრული კულტურის წლის გახსნის ცერემონიასაც დაესწრებიან. თურქეთი და უნგრეთი ორმხრივი ურთიერთობების დამყარების ასი წლისთავს აღნიშნავენ.