ღაზას სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ღაზას სექტორში „ჰამასის“ უდიდესი, 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, გვირაბი საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ მასში დიდმა ავტომობილმა გაიაროს - ის ასევე აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციისა და კომუნიკაციის სისტემებით, მისი სიღრმე კი 50 მეტრს აღწევს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გვირაბი ისრაელის ტერიტორიაზე არ გადადის და ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარე ახლად დახურული ერეზის გადასასვლელიდან 400 მეტრის მოშორებით მთავრდება.
ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 7 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე, 18 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა - დაღუპულთა 70%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. კონფლიქტის შედეგად, ასევე დაშავებულია 51 000-ზე მეტი ადამიანი. ღაზას სექტორის 36 საავადმყოფოდან კი ნაწილობრივ მხოლოდ 8 ფუნქციონირებს.