უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად, მაგრამ სლოვაკეთი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
„ჩვენ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს არ შევუშლით. საუბარია პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს. უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
ცნობისთვის, გუშინ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს დაუჭერს.