აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე სანქციები მკაცრდება_ შესაბამისი კანონი 14 დეკემბრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის განმარტებით, ამ დრომდე, ჯარიმის დადგენილი ოდენობა, ხმაურის გადაჭარბების პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა. თბილისის მერმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან აღნიშნული კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით.