უნგრეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ წარდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მიხედვით, პირველი თებერვლიდან უნგრეთში ახალი ორგანო, სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება, რომელიც ყველას, ვინც უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაშია ეჭვმიტანილი, მონიტორინგს გაუწევს. ოფისს ნებისმიერი ორგანიზაციის ან ადამიანის საქმიანობის გამოძიების უფლება ექნება, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. უწყებამ სამართალდამცავ ორგანოებს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ უნდა შეატყობინოს. დარღვევების კრიტერიუმებს კი თავად ხელისუფლება დაადგენს. კანონს მხარი 141-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 50 პარლამენტარი იყო. კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, უცხოური მხარდაჭერის მიღება ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილე სამოქალაქო ორგანიზაციებსაც. სასამართლოს კი შეუძლია გააუქმოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახალ კანონს არ დაიცავენ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თქმით, კანონი ქვეყანაში კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება