გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმების უმრავლესობით ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ არასავალდებულო რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 153 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ათი წინააღმდეგი იყო, 23-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა რეზოლუციას „თვალთმაქცური“ უწოდა და განაცხადა, რომ მასში „ჰამასი“ ნახსენები არ არის. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ტერორისტებს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი მიზნებისთვის იპარავენ მხოლოდ სარგებელს მოუტანს. გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის სასარგებლოდ ხმის მიცემა ისტორიული მოვლენაა. მანამდე, ოქტომბერში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციით „ჰუმანიტარული ზავი“ მოითხოვა და დოკუმენტი 121 ხმით დაამტკიცა.