ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან გასროლილი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ნორვეგიულ ტანკერს მოხვდა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, გემი დაზიანდა და მასზე ხანძარიც გაჩნდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყვა. დაზიანებული ტანკერის დასახმარებლად ადგილზე ამერიკული გამანადგურებელი მივიდა. ინციდენტი ბაბ ელ-მანდების სრუტედან ჩრდილოეთით, დაახლოებით 111 კმ-ის მოშორებით მოხდა. ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ჰუსიტებმა სავაჭრო გემებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით თავდასხმები დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ მათ განაცხადეს, რომ თავს დაესხმებიან ყველა იმ გემს, რომელიც ისრაელში მიემგზავრება.