ტექინსპექტირების ცენტრების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი ხდება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს ორ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, ინსპექტირების ცენტრის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სააგენტოს მიერ ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება, დაჯარიმებას გამოიწვევს. სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარი იქნება; მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარი, ხოლო უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარი.