საქართველო კარგად მიდის. ყველა ანალიზი და წინადადებები ევროკომისიისგან არის ძალიან პოზიტიური. მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს ამ გზით სვლა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.
„რაც შეეხება „აღმოსავლეთ პარტნიორობას“, მსოფლიოს ამ ნაწილში ბევრი რამ ხდება. მთელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონი არის რთულ სიტუაციაში. მათ შორის ბელარუსი, უკრაინა, კავკასია. კარგი ახალი ამბავი არის ის, რომ საქართველო წინ მიიწევს წევრობისკენ. სომხეთში არსებული მდგომარეობა საჭიროებს ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას. განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ამ მხარდაჭერის გაზრდა და როგორ გავაგრძელოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩვენს დღის წესრიგში დატოვება, რადგან ეს არის ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი და ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი არის ადგილი მსოფლიოში, სადაც ცხელი წერტილები იზრდება“, - განაცხადა ბორელმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა მიმდინარე კვირა წარმატებული საქართველოსთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, ბორელმა უპასუხა: „საქართველო კარგად მიდის. ყველა ანალიზი და წინადადებები ევროკომისიისგან არის ძალიან პოზიტიური“. „მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს ამ გზით სვლა“, – განაცხადა ბორელმა.