თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და სამი თვით გადაიწია. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს - 2024 წლის იანვრის ბოლოს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის „ფლანგვის დეტექტორი" და მოძრაობის "ჩემი ქალაქი მკლავს" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს - 2024 წლის იანვრის ბოლოს.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან“,-აღნიშნულია განცხადებაში.