საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრმა, დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 400-მდე მასწავლებელს შეხვდა და მათ სხვადასხვა სიახლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. აღნიშნულ შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზეც ისაუბრა. მათ შორის, ახალ სახელფასო პოლიტიკაზე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებაზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების ხელშეწყობაზე და მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვაზე.