რუსულმა ძალებმა კიევს Tu-95MS ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებიდან დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„79-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა განაახლა თავდასხმები Tu-95MS სტრატეგიული თვითმფრინავიდან ფრთოსანი რაკეტებით. წინასწარი ინფორმაციით, 10-მდე ბომბდამშენმა ქალაქს X-101/555/55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა. საჰაერო განგაში დედაქალაქში დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა“, - აღნიშნა სერგეი პოპკომ.
მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა გაანადგურეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, კიევის რეგიონში, ჩამოგდებული რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა რამდენიმე დასახლებაში კერძო სახლები დააზიანა.