* ჯეფ ბრიჯესი -
ამერიკელმა მსახიობმა ჯეფ ბრიჯესმა, რომელმაც ხანგრძლივი კარიერის მანძილზე უამრავ პრესტიჟულ პრემიასა და ნომინაციას მოუყარა თავი, მსოფლიო აღიარება 1990-იანი წლების ბოლოს მოიპოვა ძმები კოენების საკულტო ფილმის ‘’დიდი ლებოვსკის’’ წყალობით.
ჯეფრი ლეონ ბრიჯესი 1949 წლის 4 დეკემბერს დაიბადა ლოს-ანჯელესში, მსახიობების ლოიდ და დოროთი ბრიჯესების ოჯახში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თანდაყოლილი არტისტული ნიჭი საკმაოდ ადრე - 4 თვის ასაკში გამოავლინა, როცა მამასთან ერთად მიიღო მონაწილეობა სარეკლამო რგოლის გადაღებაში, სკოლის დასრულების შემდეგ კი, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მსახიობი გახდებოდა და ძმასთან - დღეს უკვე პოპულარულ მსახიობთან ბო ბრიჯესთან ერთად ჩაეწერა დრამის კურსებზე, რომლის დასრულების შემდეგ მშობლების გაფრთხილების გარეშე გაემგზავრა ნიუ-იორკში.
მართალია, ცნობილი პედაგოგის უტა ჰაგენის სამსახიობო კურსებზე ჯეფრი მხოლოდ გასაუბრებით, გამოცდის გარეშე მიიღეს, მაგრამ სწავლის საფასური აღმოჩნდა ზედმეტად ძვირი, რამაც ბრიჯესს ჯერ ავტოსამრეცხაოსა და კლინიკის ღამის დარაჯად, მერე ბარისტად და ფეხსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად აიძულა მუშაობა.
* ‘’უკანასკნელი კინოსეანსი’’ (The Last Picture Show, 1971) -
პირველი სერიოზული როლი ბრიჯესმა პიტერ ბოგდანოვიჩის ‘’უკანასკნელ კინოსეანსში’’ მიიღო. მართალია, მცირე ბიუჯეტისა და კრიტიკოსების არაერთმნიშვნელოვანი შეფასების გამო, პროდიუსერები შიშობდნენ, რომ ფილმი გაქირავებაშიც ჩავარდებოდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად დრამამ გაამართლა და არა მხოლოდ 1,3-მილიონიანი ბიუჯეტი აანაზღაურა, არამედ 29-მილიონით გაამდიდრა საკუთარი შემქმნელები, ბრიჯესს კი, ‘’ოსკარის’’ პირველი ნომინაცია მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ლარი მაკმერტრის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით დადგმული შავ-თეთრი ფილმი ნამდვილ აღმოჩენად იქცა 1980-იანი წლების დასაწყისში, რადგან ბოგდანოვიჩმა ამერიკული კინოსთვის მანამდე უცნობი - ერთვვარი გულწრფელი თხრობის ჟანრი შესთავაზა მაყურებელს, რომელიც თვითმყოფადი გამომსახველობითა და 1950-იანი წლების ცნობილი მუსიკალური კომპოზიციებით გააფორმა. 1998 წელს ფილმი, რომელიც ბოგდანოვიჩის საუკეთესო და ე.წ. ‘’ახალი ჰოლივუდის’’ საეტაპო ნამუშევრად დასახელდა, ფილმების ნაციონალურ რეესტრში მოხვდა, როგორც ‘’კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური მნიშვნელობის მქონე ნაწარმოები’’.
* ‘’კინგ-კონგი’’ (King Kong, 1976) –
კომედიაში ‘’დარჩი მშიერი’’ არნოლდ შვარცენეგერის პარტნიორობისა და მეორე პლანის პერსონაჟის განსახიერების შემდეგ, ბრიჯესმა პირველი სერიოზული როლი მიიღო ფანტასტიკურ ბოევიკში ‘’კინგ-კონგში’’, რომელიც ჯონ გილერმინმა 1933 წლის პოპულარული სათავგადასავლო დრამის რიმეიქად შექმნა. ახალ ნამუშევარში ბრიჯესმა პალეონტოლოგი და ბუნების დამცველი ჯეკ პრექსტონი განასახიერა, რომელსაც ჯერ ბრძოლა მოუწია გიგანტურ მაიმუნთან, მერე კი, მისი მთავარი მცველი და მეგობარი გახდა.
* ‘’ტრონი’’ (Tron, 1982) –
1982 წელს მსახიობმა Walt Disney-ის სტუდიის სამეცნიერო-ფანტასტიკაში ‘’ტრონში’’ შეასრულა პროგრამისტის როლი, რომელიც შემთხვევით მოხვდა ‘’ციფრულ სამყაროში’’. აღსანიშნავია, რომ სწორედ ‘’ტრონი’’ გახდა პირველი ფილმი, რომელშიც ავტორებმა კომპიუტერული გრაფიკა გამოიყენეს და მართალია, თანამედროვე მიღწევების ფონზე საკმაოდ პრიმიტიულად, მაგრამ მაინც სცადეს პერსონაჟის სახის კომპიუტერული ანიმაცია.
* ‘’ადამიანი ვარსკვლავიდან’’ (Starman, 1984) –
კიდევ ერთი ფანტასტიკა მიითვალა ბრიჯესმა საკუთარ ანგარიშზე, როცა 1984 წელს ‘’დედამიწელ’’ ქალბატონში შეყვარებული უცხოპლანეტელი განასახიერა ჯონ კარპენტერის ფილმში ‘’ადამიანი ვარსკვლავიდან’’ და მართალია, ‘’ოსკარზე’’ ნომინირებული პრემიის გარეშე დარჩა, მაგრამ სწორედ უჩვეულო პერსონაჟის წყალობით დაიმსახურა რეჟისორების ყურადღება.
1990-იან წლებში ბრიჯესმა რადიკალურად განსხვავებული, თუმცა ერთნაირად საინტერესო პერსონაჟები განასახიერა სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მისი ბიზნესმენი კრიმინალურ დეტექტივში ‘’კბილანებიანი სამართებელი’’, ყოფილი პატიმარი დრამაში ‘’ამერიკული გული’’ და არქიტექტორი ფსიქოლოგიურ ფილმში ‘’ უშიშარი’’, 1998 წელს კი, მსახიობმა კარიერის უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ძმები კოენების ფარსის კომედიაში ‘’დიდი ლებოვსკი’’, რომელმაც პოპულარობასთან ერთად კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც მოუტანა.
* ‘’დიდი ლებოვსკი’’ (The Big Lebowski, 1998) -
კრიმინალური დრამის ‘’ფარგოს’’ წარმატების შემდეგ ჯოელ და ითან კოენები ახალ ფილმზე შეუდგნენ მუშაობას. რა თქმა უნდა, ძმები ვერც წარმოიდგენდნენ რომ ნამდვილ შედევრს შექმნიდნენ, რადგან ‘’დიდი ლებოვსკი’’ არა რიგით კომედიად, არამედ თანამედროვე ამერიკის პორტრეტად და განუყოფელი ნაწილად იქცა. მართალია, ფილმი ამერიკული ცხოვრების წესისა და პოპ-კულტურის თავისებურებების ერთგვარი ანარეკლია, მაგრამ კოენების ნამუშევარმა ევროპაში უფრო მოიპოვა პოპულარობა, ვიდრე სამშობლოში.
* ფილმის სიუჟეტი -
ფილმის სიუჟეტს რეიმონდ ჩანდლერის 1946 წელს გამოსული რომანი ‘’ღრმა ძილი’’ დაედო საფუძვლად, თუმცა რამდენიმეწლიანი მუშაობის მანძილზე კოენებმა ისე გულდასმით დაამუშავეს ლიტერატურული პირველწყარო, რომ პრაქტიკულად ახალი ისტორია შექმნეს, რომელიც ექსცენტრიკული პერსონაჟებით და საფირმო იუმორით გაამდიდრეს.
ე.წ. ‘’ხისტი დეტექტივის’’ ჟანრის ფუძემდებლის რეიმონდ ჩენდლერის რომანების მიხედვით მანამდეც დაიდგა ნუარის სტილის რამდენიმე ფილმი, თუმცა ყველასთვის სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა უხეში დეტექტივისგან ფარსის კომედიის შექმნა, რომელიც მწვავე სატირით დაუპირისპირდა ამერიკული საზოგადოების ფასეულობებს და გააშარჟა მათი ცხოვრების წესი.
* პერსონაჟები -
მართალია, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ძმებმა ლიტერატურული ანალოგის მიხედვით შექმნეს, მაგრამ მთავარ გმირებს აბსოლუტურად რეალური პროტოტიპები ჰყავთ.
ჯეფრი ლებოვსკიმ დამოუკიდებელი კინოს პრომოუტერი ჯეფ დაუდის ეკრანული სახე შექმნა, რომელიც 1983 წელს კოენებს სადებიუტო ფილმის ‘’უბრალოდ სისხლის’’ გადაღებაში დაეხმარა, 15 წლის შემდეგ კი, მათი ფილმის მთავარი გმირი გახდა, რომელსაც ბრიჯესი არა მხოლოდ ჩაცმის სტილს, არამედ ხასიათის თავისებურებებსაც დაესესხა.
აღსანიშნავია, რომ ბრიჯესის კოსტიუმებზე არავის უზრუნია, რადგან მსახიობმა გადაღებებზეც იგივე სამოსი მოირგო, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ატარებდა. მეტიც, პერანაგი ბეისბოლისტის გამოსახულებით, ბრიჯესს მანამდეც ეცვა ფილმში ‘’მეფე-მებადურში’’. ეკრანულ პერსონაჟს მხოლოდ სპორტით გატაცება განასხვავებს რეალური პროტოტიპისგან, რადგან დაუდის საყვარელი სოფტბოლი ეკრანზე ბოულინგმა ჩაანაცვლა, რომელიც კოენებისთვის 1960-იანი წლების სიმბოლოდ და ფილმის აუცილებელ რეტრო-შემადგენლად იქცა.
სხვათა შორის, ლებოვსკი ბოულინგის გუნდის ერთადერთი წევრია, რომელიც თავგამოდებული გულშემატკივრობის მიუხედავად, მაინც არასდროს თამაშობს ბოულინგს, მის სახლში, კედელზე გაკრული პოსტერზე ასახული მამაკაცი კი, რომელიც ბოულინგის ბურთს ისვრის, სინამდვილეში შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონია.
რეალური პროტოტიპი ჰყავს ჯონ გუდმანის გმირს - უოლტერ სობჩაკასაც, რომელმაც კოენების ძველი მეგობარი, ფანტასტიკური ფილმის ‘’ბარბაროსი კონანის’’ რეჟისორი და სცენარის ავტორი ჯონ მილიუსი განასახიერა. მილიუსი ძმებმა ‘’ბარტონ ფიკის’’ გადაღებებზე გაიცნეს და სწორედ მისი გავლენით აქციეს სობჩაკი იარაღის მოყვარულ მილიტარიზმის მიმდევრად, მოდ ლებოვსკის სახე კი, ცნობილი ავანგარდისტი მხატვრის კაროლ შნეემანის გავლენით შეიქმნა, რომელიც ყოველთვის შიშველი, მეტად უცნაურ პოზაში - დაკიდული ქმნიდა საკუთარ ნამუშევრებს.
* ლებოვსკი -
მართალია, გედეონისტი ჯეფრი ლებოვსკი, მეტსახელად ‘’დუდი’’, რომელიც აბსურდული მიზეზით ამბობს უარს მუშაობაზე და მთელ ცხოვრებას ბოულინგის დარბაზში მეგობრებთან დროსტარებაში ატარებს, ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ზოგჯერ პრიმიტიული პერსონაჟია, მაგრამ სინამდვილეში, ლებოვსკი საკმაოდ რთული ეკრანული სახეა, რადგან რამდენიმე კლასიკურ ტიპაჟს აერთიანებს, საკუთარი პაციფიზმით კი, 1960-იანი წლების ჰიპებს განასახიერებს.
უცნაურია, მაგრამ უარყოფითი თვისებების მიუხედავად, ლებოვსკიმ მაინც მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა და უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, ამერიკულ კინოში მანამდეც მრავლად იყვნენ მომხიბვლელი არამზადები და სიმპათიური უსაქმურები, მაგრამ ლებოვსკი მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან მხოლოდ მას ჰყავს ფანკლუბები, რომელიც სისტემატურად აწყობს ორიგინალურ ფესტივალებს საყვარელი პერსონაჟის პატივსაცემად.
* კოენების იუმორი -
ჟურნალ Rolling Stone-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯონ გუდმენმა ხაზი გაუსვა კოენების ჩვეულ, სკრუპულოზურ მუშაობის სტილს და აღნიშნა, რომ ფილმში მხოლოდ ერთი იმპროვიზირებული რეპლიკა მოხვდა, დანარჩენი - ყველაზე უმნიშვნელო ფრაზაც კი, სცენარით გაიწერა და მთავარი როლის შემსრულებლებს მოერგო.
აღსანიშნავია, კოენებისთვის დამახასიათებელი იუმორიც - ზოგჯერ ცინიზმი და ირონია, რომელიც ფილმის თითქმის ყველა დეტალში იგრძნობა. იუმორით უპასუხეს ძმებმა მეტად აქტუალურ შეკითხვასაც - საიდან ჰქონდა შემოსავალი ლებოვსკის. როგორც აღმოჩნდა, ‘’დუდი’’ პოპულარული თავსატეხის ‘’კუბიკ რუბიკის’’ გამომგონებლის ერნე რუბიკის მემკვიდრე იყო, რაზეც დეტალურად იყო მოთხრობილი სცენარის პირვანდელ ვერსიაში, თუმცა, ჯოელ კოენის გადაწყვეტილებით ფილმში ლებოვსკი არც საკუთარ ფინანსებზე საუბრობს, არც სახელოვან ნათესავზე.
* მსახიობები -
მთავარ როლის შემსრულებლის შერჩევისას კოენებმა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი განიხილეს რობერტ დიუვალის, ჯინ ჰეკმანი და მარლონ ბრანდოს ჩათვლით, თუმცა დიუვალმა სცენარი დაიწუნა და უარი თქვა ფილმში მონაწილეობაზე, ჰეკმანი შემოქმედებით შვებულებაში აღმოჩნდა, ბრანდოს ორაზროვანი პასუხები კი, იმდენად მოსაბეზრებელი აღმოჩნდა, რომ ძმებმა თვითონ უთხრეს უარი თანამშრომლობაზე და საბოლოო არჩევანი ჯეფ ბრიჯესის სასარგებლოდ გააკეთეს.
რთული აღმოჩნდა ლებოვსკის საუკეთესო მეგობრის უოლტერ სობჩაკის როლზე ჯონ გუდმანის დათანხმებაც, თუმცა მსახიობმა ბრწყინვალედ განასახიერა პოსტტრავმული სინდრომით დატანჯული ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომლის ფსიქიური აშლილობა ფილმში კომიკურ სიტუაციებს პროვოცირებს. მეტიც, გუდმენის განცხადებით, სწორედ ‘’დიდი ლებოვსკი’’ გახდა მისი საყვარელი ფილმი, სობჩაკის პერსონაჟი კი, მრავალფეროვანი შემოქმედების ყველაზე საინტერესო და კოლორიტული როლი.
დაბნეული დონის როლი, რომელსაც უოლტერი მთელი ფილმის მანძილზე აჩუმებს, სტივ ბუშემიმ შეასრულა. სხვათა შორის, სობჩაკის უხეში დამოკიდებულება დონის მიმართ კრიტიკოსებმა კოენების მორიგ გონებამახვილურ ხუმრობად და მანამდე დადგმულ ‘’ფარგოს’’ ერთგვარ გამოძახილად აღიქვეს, რომელშიც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო სტივ ბუშემის პერსონაჟის გაჩუმება.
* ლოკაციები -
კაფეს, სადაც უოლტერი და ლებოვსკი ყავას მიირთმევენ, ფილმის ‘’ამერიკული ისტორია Х’’-ის პერსონაჟებიც სტუმრობენ. კაფე Johnie`s Coffee Shop ლოს-ანჯელესში მდებარეობს და მართალია, მანამდე ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ჰიტად ქცეული ფილმების გამოსვლის შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა მისი კლიენტების რიცხვი.
ბოულინგის სცენები სანტა-მონიკას ყოფილ გასართობ ცენტრში Holly Star Lanes-შია გადაღებული, თუმცა, დღეს ცენტრი აღარ არსებობს, რადგან მის ადგილას სკოლა აშენდა.
სწრაფი კვების რესტორანს In & Out Burger კი, რომელიც ფილმშია მოხსენიებული, თავის დროზე, ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი ჯონ გუდმენი უკეთებდა რეკლამას.
* წარმატება -
ფილმმა, რომლის ბიუჯეტმა მოკრძალებული 18 მილიონი დოლარი შეადგინა, მთელი 46 მილიონი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში და ჯერ ‘’ვერცხლის დათვით’’ დაჯილდოვდა ბერლინის კინოფესტივალზე, მერე ჟურნალ Premiere-ის ყველა დროის 50 საუკეთესო კომედიის ნუსხაში მოხვდა, თუმცა როგორც ჩანს, ნორვეგიაში კოენების ნამუშევარი განსხვავებულად აღიქვეს, რადგან პოსტერები და ვიდეოკასეტები სპეციალური მინაწერით ‘’რეკომენდირებულია ნორვეგიის ბოულინგის ასოციაციის მიერ’’ გამოვიდა.