ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს განცხადებით, ღაზაში სამხედრო მოქმედებების განახლებამ რეგიონში უიმედო სიტუაცია შექმნა. მათივე ცნობით, თავშესაფრები გადატვირთულია, აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი საჭირო დახმარება საკმარისი არ არის. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შედეგად, ლიბანში სულ მცირე 94 ადამიანი დაიღუპა და 406 დაშავდა. უწყების ცნობით, დაშავებულთა 92% მამაკაცია. ღაზას სექტორის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ქალაქი ხან-იუნისია. ამასთან, ისრაელის ძალებმა მიზანში ამოიღეს „ჰამასის“ ჯაბალიას ცენტრის ბატალიონი, რის შედეგადაც რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. ის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმები შეწყვიტონ. „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტს 1 200-მდე ისრაელელი და 16 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.