საცალო ვაჭრობის სექტორის 52,3% ბაზრის სამ მოთამაშეზე მოდის. ასეთია თიბისი კაპიტალის მიერ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის განახლებული მიმოხილვის შედეგები. როგორც კვლევაში წერია, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა და დაახლოებით 5 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 მილიარდ ლარზე ოდნავ მეტი იყო. ანგარიშის ავტორების თქმით, ბაზრის ასეთი ზრდა მის მდგრადობაზე და შემდგომი ზრდის პოტენციალზეც მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტორის ძლიერი გაფართოება მეტწილად ემთხვევა თიბისი კაპიტალის წლის დასაწყისში გამოთქმულ ვარაუდებს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ცხრა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გადანაწილების კუთხით. ორგანიზებული ბაზრის წევრთა ნახევარზე მეტი კვლავ რჩებიან საუკეთესო მოთამაშეთა შორის. ბაზრის მოთამაშეების Top-10-ეული კი ასე გამოიყურება: ნიკორა - 20,1%; 2 ნაბიჯი - 17,6%; კარფური - 14,6%; სპარი (ფრანჩიზასთან ერთად) - 13,1%; მაგნიტი - 9,7%; დეილი - 4,6%; გუდვილი - 4,3%; აგროჰაბი - 4,2%; ზღაპარი - 2,5% და ფრესკო - 2,4%. ამავე კვლევის მიხედვით, ორგანიზებული ვაჭრობის სექტორის ბაზრის მოთამაშეების დიდი ნაწილი თბილისშია კონცენტრირებული. კერძოდ, რითეილ სექტორი დედაქალაქში 1 405 მაღაზიითაა წარმოდგენილი, რეგიონებში კი 1 268 მატ ობიექტია განთავსებული.