არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას.
„გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137 - ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.