იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ოსიმენი დაასახელა, კვარაცხელიამ საუკეთესო გოლი გაიტანა
გუშინ მილანში სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის გალა-დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია - Gran Galà del Calcio ატარებს.
გასული წლების საუკეთესო ფეხბურთელად ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი დასახელდა. ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კი ამჯერად სეზონის სიმბოლურში მოხვედრით და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორობით დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სერია A-მ ხვიჩა კვარაცხელია გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელ დაჯილდოებაზე, ხვიჩა კვარაცხელიამ პრიზი სეზონის საუკეთესო გოლისთვის მიიღო. მან ეს გოლი ატალანტას კარში გაიტანა, ხოლო ტიტული მას იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კვალიარელამ გადასცა.
"კვარაცხელიამ გულშემატკივრებსა და იმ ადამიანებს, რომელთაც მას ხმა მისცეს, მადლობა გადაუხადა. ქართველმა ისიც დაამატა, რომ არ ელოდა გოლი ასეთი ლამაზი თუ გამოვიდოდა და მხოლოდ გატანის შემდეგ მიხვდა, რომ გოლი ულამაზესი გამოუვიდა.
2022/23 წლების სეზონის კლუბად ჩემპიონი ნაპოლი დასახელდა, ცერემონიალს გუნდის მაშინდელი თავკაცი ლუჩანო სპალეტიც ესწრებოდა. სპალეტი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
სეზონის გუნდი კი შემდეგნაირად გამოიყურება: კარშია მაიკ მენიო, დაცვაში არიან ტეო ერნანდესი, ჯოვანი დი ლორენცო, ალესანდრო ბასტონი და კიმ მინ-ჟაე, ნახევარდაცვაშია სტანისლავ ლობოტკას, ჰაკან ჩალჰანოღლუს და ნიკოლო ბარელას სამეული, ხოლო შეტევაში დასახელდნენ ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაო და ვიქტორ ოსიმენი. გარდა ამისა, დანიელე ორსატო სეზონის საუკეთესო არბიტრად დასახელდა.
ცნობისთვის, აღნიშნული დაჯილდოვება 1968 წელს დაიწყო, თუმცა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი 1997 წლის შემდეგ სახელდება. პირველი გამარჯვებული რობერტო მანჩინი იყო.