„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს. საუბარია ცვლილებაზე, რომლითაც, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ. ასევე კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც მცირდება. ხელისუფლების განმარტებით, პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ხდება და როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება, ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. განსხვავებულია ოპოზიციის არგუმენტები. ისინი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს ატყუებს და აღნიშნული ცვლილება არაფერს მომტანია. ოპოზიციის განმარტებით, იურიდიული პირები, ხელისუფლების შიშით, ოპოზიციის დაფინანსებისგან თავს უკვე დიდი ხანია იკავებენ.