„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს დაესწრებიან. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი, ირაკლი ქავთარაძეც დაესწრებიან. ლევან ხაბეიშვილს აღნიშნული ფორუმის პრეზიდენტთან, სტეფან ჰარპერთან ექნება შეხვედრა. ხოლო 8 დეკემბერს, ნიუ იორკში, პარტიის ლიდერები ქართველ ემიგრანტებსაც შეხვდებიან. როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, ამ ფორუმზე 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. აღნიშნულ ღონისძიებაზე უსაფრთხოებას, ეკონომიკას, დემოკრატიის განვითარებას და ავტოკრატიების წინააღმდეგ ბრძოლას განიხილავენ.