პარიზში, ეიფელის კოშკთან თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ელექტროშოკის გამოყენებით მალევე დააკავა საფრანგეთის მოქალაქე, 26 წლის მამაკაცი. მამაკაცი ტურისტ წყვილს დანით დაესხა თავს და სასიკვდილოდ დაჭრა გერმანიის მოქალაქე. დარმანენის თქმით, ეჭვმიტანილი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ და დაკავების შემდეგ პოლიციას უთხრა, რომ იგი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით არის შეშფოთებული. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილს 2016 წელს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი სხვა თავდასხმის მომზადებისთვის და ფსიქიკური აშლილობები აღენიშნებოდა.