რაგბი | გამგეობამ ლევან მაისაშვილის ანგარიში მოისმინა
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ ლევან მაისაშვილისგან 2023 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების გამოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში მოისმინა.
ბორჯღალოსნების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა მსოფლიო თასისთვის მოთამაშეთა სელექციაზე, მოსამზადებელ შეკრებებზე, ვარჯიშებზე, მიზნებზე და იმ ხელისშემშლელ პირობებზე, რომელმაც გუნდს მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.
როგორც ლევან მაისაშვილმა აღნიშნა მიზანი ოთხივე შეხვედრაში მოსაგებად გასვლა და მინიმუმ ორი შეხვედრის მოგება იყო. მისივე განმარტებით ქართულმა მხარემ, ფიჯისთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ მსოფლიო რაგბს მიმართა და მსაჯის მიერ დაშვებული 13 უხეში შეცდომის განხვილვა სთხოვა, საიდანაც მსოფლიო რაგბმა 7 აღიარა. მთლიანობაში, მსოფლიო თასზე საქართველომ ძალიან ბევრი მომენტი შექმნა, თუცა რეალიზების პროცენტი ძალიან დაბალი იყო – დაახლოებით 33%. შედარებისთვის, უელსი საქართველოს 22-ში 8-ჯერ შევიდა და აქედან 6 შემთხვევაში ქულა აიღო.
ყველაზე მეტი დისკუსია სასელექციო პროცესმა და მოსამზადებელმა პერიოდმა გამოიწვია. სადაც ლევან მაისაშვილმა განაცხადა, რომ აქამდე არასდროს ყოფილა მსოფლიო თასზე საქართველოს ყველა შეხვედრაში მოსაგებად ებრძოლა: „მიუხედავად შეუსრულებელი მიზნისა, რომ მქონდეს არჩევანი, მიზნებსა და გეგმებში ბევრს არაფერს, ან ვერაფერს შევცვლიდი. ვთვლი რომ გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად თამაშობდა და თუ სტატისტიკას და თანმიმდევრობას დავაკვირდებით ადვილი დასანახია – აქამდე არასდროს ყოფილა, რომ ჩვენს ნაკრებს მსოფლიო თასზე ყველა თამაშში მოსაგებად ებრძოლა.
სამი წაგებიდან მოგებამდე, ძალიან ცოტა დაგვაკლდა. შევცვალეთ სტანდარტი, პირველ რიგში საკუთარი თავისათვის. დღეს ყველა მოთამაშეს და მომავალი სტაფის წევრს, მხოლოდ ერთი სტანდარტი შეიძლება ქონდეს – ყველა გუნდთან მოსაგებად დაგეგმოს თამაში. თუ გულწრფელები ვიქნებით და წარსულს გადავხედავთ, ამაში დავრწმუნდებით. ჩვენ დავუმიზნეთ ოთხივე თამაშს, ვერ შევძელით, მაგრამ არ ვთვლი რომ მიზნები ან მოლოდინები მცდარი იყო. ვერ ავწიეთ ის ტვირთი რაც მხრებზე დავიდეთ. ბევრ რამეში არ გაგვიმართლა. ალბათ თავგანწირვაც დაგვაკლდა. მაგრამ მცდელობა ნამდვილად გვქონდა. პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ შედეგებზე“- განაცხადა ლევან მაისაშვილმა.