* ‘’ "ბორნის იდენტიფიკაცია", 2002, დაგ ლაიმანი -
კინოსტუდია Universal Pictures-ის წარმომადგენლებმა, რომელთაც სპეციალური პრეს-კონფერენცია მოაწყვეს გასულ კვირას, პირველ რიგში ჯაშუშური ფილმების მოყვარულები გაახარეს, რადგან ჯეიმს ბორნის ცნობილი კინოფრანჩიზის ახალ სერიაზე მუშაობის დაწყების შესახებ გააკეთეს განცხადება.
Universal-ის მესვეურთა განცხადებით, პროექტი ჯერ მხოლოდ მზადების ადრეულ ეტაპზეა. მართალია, არსებობს სცენარი, მაგრამ მხოლოდ მისი სამუშაო ვერსია, რომელიც სერიოზულ დამუშავებასა და მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას მოითხოვს. სავარაუდოდ, ფილმის რეჟისორი ედვარდ ბერგერი იქნება, რომელმაც გასულ წელს სამხედრო დრამა ‘’დასავლეთ ფრონტი უცვლელია’’ დადგა და ‘’ოქროს გლობუსიც’’ მოიპოვა, მთავარ როლს კი, ისევ მეთ დეიმონი შეასრულებს, ვისთანაც პროდიუსერები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას.
* * *
ჯაშუშურმა კინოფრანჩიზამ ჯეიმს ბორნზე, რომელმაც ხუთი დამოუკიდებელი ფილმი - ‘’ბორნის იდენტიფიკაცია’’, ‘’ბორნის უპირატესობა’’, ‘’ბორნის ულტიმატუმი’’, ‘’ჯეიმს ბორნი’’ და ‘’ბორნის ევოლუცია’’ გააერთიანა, 2002 წელს აიღო სტარტი და 2016 წლამდე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ სერიალის ბოლო ნაწილში, რომელიც ტეტრალოგიის ერთგვარ დამატებად იქცა, მთავარი როლი არა მეტ დეიმონმა, არამედ ჯერემი რანერმა შეასრულა.
კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს სერიალი, რომელიც კომერციულადაც მეტად წარმატებული აღმოჩნდა. მეტიც, ‘’ბორნის ულტიმატუმმა’’ ‘’ოსკარის’’ სამი პრემია დაიმსახურა, ‘’ბორნის უპირატესობამ’’ კი, ბრიტანული კინოჟურნალის Empire პრიზი მიიღო და განსაკუთრებით შემოსავლიანი აღმოჩნდა, რადგან 75-მილიონიანი ბიუჯეტით თითქმის 289 მილიონი დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში.
* "ბორნის იდენტიფიკაცია", 2002, დაგ ლაიმანი -
სათავგადასავლო ტრილერმა ‘’ბორნის იდენტიფიკაციამ’’, რომელიც 2002 წელს ჩაეშვა გაქირავებაში, 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კინოსერიალს ჩაუყარა საფუძველი და სხვებისგან განსხვავებით ყველაზე ‘’თანაბარ’’ ნამუშევრად იქცა, რადგან ნებისმიერ კლასიკურ კინოსაგას თავისი სუსტი და ძლიერი ნაწილები აქვს, ბორნის თავგადასავლებზე მუშაობისას კი, მართალია, რეჟისორების ხშირი მონაცვლეობის გამო შემოქმედებითი პროცესიც საკმაოდ გართულდა, მაგრამ ყველა სერიამ გაამართლა. მეტიც, ფილმებმა ერთის მხრივ, ეფექტური ერთიანი ნაწარმოები შექმნეს, მეორეს მხრივ კი, დამოუკიდებელ სრულფასოვან ნამუშევრებად იქცნენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ‘’ბორნის’’ გავლენა ზოგადად ჯაშუშურ ფილმებზე, რადგან დაგ ლაიმანის წარმატებამ ბევრი რეჟისორი შთააგონა სტილისტურ მიმბაძველობაზე, თუმცა უმეტესობამ ვერც ორიგინალის გამეორება შეძლო, ვერც მისი წარმატების.
* * *
ჰოლივუდში ყოველთვის უცნაურად იყენებენ ლიტერატურულ პირველწყაროს და გამონაკლისი არც რობერტ ლადლემის რომანი აღმოჩნდა, რომელსაც პრაქტიკულად არაფერი აქვს საერთო ფილმთან.
მართალია, ლადლემის შემოქმედების თაყვანისმცემელ ლაიმანს რამდენიმე წელი დასჭირდა ეკრანიზაციაზე უფლების მოსაპოვებლად, მაგრამ სირთულეების მიუხედავად მაინც არასდროს შეუწყვეტია სცენარზე მუშაობა დრამატურგ ტონი გილროისთან ერთად, სანატრელი უფლების მოპოვების შემდეგ კი, უარი თქვა მკაცრ სიუჟეტურ შეზღუდვებზე, გილიორს ლიტერატურული პირველწყაროს საკუთარი შეხედულებით დამუშავების უფლება მისცა და1980-იანი წლების ისტორიის მაქსიმალურად გათანამედროვება შესთავაზა.
შემოქმედებითი თავისუფლებით კმაყოფილმა გილროიმ ტიპიურ ჰოლივუდურ სცენარად აქცია ლიტერატურული ‘’ბორნის იდენტიფიკაცია’’, რომელსაც მხოლოდ პოპულარული სათაური, რამდენიმე პერსონაჟის სახელი და რომანის მთავარი იდეა შეუნარჩუნა, სიუჟეტი კი, საკუთარი ფანტაზიით, პრაქტიკულად სრულად შეცვალა და ძალიან გაუმართლა, რადგან ცნობილი ბესტსელერის ეკრანული ვერსია მართლაც წარმატებული აღმოჩნდა.
* * *
რა თქმა უნდა, დღეს წარმოუდგენელია ‘’ბორნის თავგადასავალი’’ მეტ დეიმონის გარეშე, თუმცა როლი მან აბსოლუტურად შემთხვევით მიიღო. მართალია, კარიერის დასაწყისში დეიმონი არა მხოლოდ კევინ სმიტის კომედიებში, არამედ საკმაოდ სერიოზულ ფილმებშიც მონაწილეობდა, მაგრამ პროდიუსერებს მაინც არ სჯეროდათ, რომ მსახიობი სუპერაგენტის როლს მოერგებოდა, ამიტომ მის კანდიდატურას საერთოდ არ განიხილავდნენ მთავარ პრეტენდენტებს შორის.
რიჩარდ გლადშტეინმა და პატრიკ კროულიმ უამრავი კანდიდატი მოსინჯეს ვეტერანების სილვესტერ სტალონესა და არნოლდ შვარცენეგერის, ტომ კრუზისა და მეტიუ მაკკონაჰის ჩათვლით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ბრედ პიტის სასარგებლოდ გააკეთეს, რომელმაც შეთავაზება ‘’ჯაშუშური თამაშების’’ სასარგებლოდ უარყო. სცანარი დაიწუნა რასელ კროუმაც, რადგან საეჭვოდ მოეჩვენა ‘’ბონდიანას’’ შემდეგ ახალი ჯაშუშური პროექტის წამოწყება.
სწორედ ვარსკვლავების უარის შემდეგ იქცა მეტ დეიმონი სუპერაგენტ ჯეისონ ბორნად, რომელმაც მაქსიმალურად გამოიყენა ბრწყინვალე შანსი. მსახიობმა არა მხოლოდ ამნეზიით შეპყრობილი აგენტის სახე შექმნა დამაჯერებლად, რომელიც საკუთარ წარსულზე ცდილობს ინფორმაციის შეგროვებას, არამედ თავად შეასრულა ტრიუკების დიდი ნაწილი.
ბორნის პარტნიორის - მარია ელენა კროიცის განსახიერება დაგ ლაიმანმა სარა პოლის შესთავაზა, რომელიც ფილმზე ‘’ექსტაზზე’’ მუშაობისას გაიცნო. თუმცა, წინადადება არც მან მიიღო და საბოლოოდ როლი ფრანკა პონეტემ ჩაიბარა. აღსანიშნავია, რომ სცენარის პირვანდელ ვერსიაში მარია ამერიკელი იყო, რომელიც მხოლოდ სკოლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა ევროპაში, პონეტეს როლზე დამტკიცების შემდეგ კი, მისი ეროვნებაც შეიცვალა და ისტორიამაც განიცადა გარკვეული ცვლილებები.
* * *
ფილმზე მუშაობა პრობლემების და უსიამოვნებების ფონზე გაიმართა. ლაიმანსა და კინოსტუდია Universal Pictures-ის მესვეურებს ურთიერთობა თავიდანვე დაეძაბათ, რაც მოგვიანებით სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა, რადგან პროდიუსერები შიშობდნენ, რომ მაყურებელი ზედმეტად მონოტონურად ჩათვლიდა ფილმს და მეტი ექშენის დამატება მოინდომეს, თუმცა არ სურდათ ზედმეტი ხარჯის გაწევა და ეკონომიის მიზნით ფილმიდან რამდენიმე ეპიზოდის ამოღება სცადეს, ძვირადღირებული პარიზის ნაცვლად კი, შედარებით ხელმისაწვდომი ქალაქის შერჩევა გადაწყვიტეს, რამაც რეჟისორი გააღიზიანა, რადგან მიხვდა, რომ ეტაპობრივად კარგავდა ფილმზე კონტროლს.
სერიოზული თავისტკივილი აღმოჩნდა კინოსტუდიისთვის ლაიმანის მუშაობის თავისებურებაც, რომელმაც ერთგვარი ‘’პარტიზანული სტილი’’ აირჩია - მოულოდნელად გადიოდა ლოკაციებზე და პროდიუსერებთან შეთანხმების გარეშე იწყებდა გადაღებას, რადგან თვლიდა, რომ მხოლოდ ამ მეთოდით შეიძლებოდა პარანოიის ატმოსფეროს გადმოცემა და ნახევრად დოკუმენტური ფილმის შეგრძნების შექმნა.
უთანხმოება პროდიუსერებსა და ლაიმანს შორის იმდენად გამწვავდა, რომ მათ სხვა რეჟისორს დაავალეს ფილმის გადაკეთება, ლაიმანს კი, განხორციელებულ ცვლილებებზე პროტესტის გამოთქმის უფლებაც არ მისცეს. როგორც მოგვიანებით თავად რეჟისორმა აღნიშნა, მეტ დეიმონი ერთადერთი აღმოჩნდა, ვისი წყალობითაც სტუდიასთან ურთიერთობდა, რადგან სწორედ ის ცდილობდა პროდიუსერებისთვის რეჟისორის იდეების გადაცემას, ბოლოს კი, საქმე იქამდე მივიდა, რომ ლაიმანმა საკუთარი სახლის გაყიდვაც სცადა, რადგან ჩათვალა, რომ ფილმი მას აღარ ეკუთვნოდა, უზარმაზარი ვალები კი ისევ გასასტუმრებელი ჰქონდა.
რა თქმა უნდა, დაპირისპირებამ ნეგატიური გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე. გადაღებული მასალის საცდელი ჩვენება მარცხით დასრულდა, რადგან გადაკეთებული ეპიზოდები აბსოლუტურად არ მოერგო ფილმის ძირითად ნაწილს, თუმცა საბოლოოდ ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვა და უკმაყოფილების მიუხედავად, პროდიუსერები მაინც დათანხმდნენ პრემიერის გადატანას და რვა მილიონი დოლარის გამოყოფას ფილმის პრაქტიკულად თავიდან გადასაღებად. მართალია, ლაიმანმა მაინც შეძლო სამუშაოს ბოლომდე მიყვანა, მაგრამ სწორედ უთანხმოება იქცა სერიალის შემდეგი ფილმების გადაღებაზე უარის თქმის მიზეზად.
* * *
შიში, რომ ისტორია ამნეზიით დაავადებულ საიდუმლო აგენტზე ნეგატიურად აისახებოდა ამერიკულ სპეცსამსახურებზე, დიდხანს არ ასვენებდათ პროდიუსერებს, რომელთაც თავის დასაზღვევად, ექსტრემალურ პირობებში შექმნეს ალტერნატიული შესავალი და პრაქტიკულად მთელი ფილმი ბორნის ფლეშბეკად აქციეს.
მართალია, ლაიმანმა ამგვარი გადაწყვეტილებაც დაიწუნა, მაგრამ მას როგორც ყოველთვის არ მოუსმინეს, საბედნიეროდ, უთანხმოება ისევ დეიმონმა გადაჭრა, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ გაუაზრებელი ცვლილება რადიკალურად შეცვლიდა და გააუფასურებდა ფილმს, რასაც სატესტო აუდიტორიაც დაეთანხმა და დამატებითი ეპიზოდებიც საბოლოოდ ამოიღეს ფილმიდან.
* * *
უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ სწორედ პრემიერა განსაზღვრავს ფილმის მომავალს. 2001 წლის სექტემბრის დასაწყისი, როცა ლაიმანის ტრილერის გაქირავებაში ჩაშვება იგეგმებოდა, მეტად რთული აღმოჩნდა შეერთებული შტატებისთვის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პრემიერა გადაიდო, რამაც მხოლოდ ხელი შეუწყო მის წარმატებას, რადგან დათქმულ დროს ფილმის გამოსვლა ნამდვილად ვერ აანაზღაურებდა დანახარჯს და დღეს უკვე პოპულარული კინოსაგის მოკლე სიცოცხლეც მარცხით დასრულდებოდა. საბედნიეროდ პრემიერა დაგეგმილზე ერთი წლით გვიან, 2002 წლის ივნისში გაიმართა, ფილმმა კი, არა მხოლოდ დახარჯული 60 მილიონი დაფარა სრულად, არამედ თითქმის 215 მილიონი დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში და სრულად გაამართლა ავტორების მოლოდინი.