საერთაშორისო ლიდერები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებისთვის მოლაპარაკებებს აგრძელებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აქცენტი ახლა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე კეთდება, რათა რაც შეიძლება მეტი მძევალი გათავისუფლდეს და ასევე ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს. გარდა ამისა, ბლინკენმა ისრაელს განუცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში ისრაელმა შესაბამისი სივრცეები უნდა გამოყოს, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლა შეეძლოთ. ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი თავდასხმა ისეთ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა საავადმყოფო, თავიდან უნდა აიცილონ.