თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, რომ გარკვეული პირები ბიზნესს აწყობდნენ და ამ ფორმით წვევამდელებს, სტუდენტის ონლაინ სტატუსის მოგვარების გზით, სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც “თავდაცვის კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით იხილავენ. 2 თვის წინ დამტკიცებული კოდექსის შეცვლას ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილი აკრიტიკებს. ამ თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მწვავე პოზიცია “გირჩში” აქვთ. პარტიის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი რეალურად თავდაცვის შესახებ არ არის, რადგან მორიგი ცვლილების მიზანია „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის გაუქმება.