„კანონის უზენაესობის ცენტრმა“ საქართველოში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადა. როგორც ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, კვლევა ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არაერთი გამოწვევაა. მისივე განმარტებით, გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი გამოწვევა სკოლებშია. როგორც ლონდა თოლორაია აღნიშნავს, სამწუხაროდ, მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობას არ აქვთ სათანადო ცოდნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების შესახებ, რაც ამ სფეროში ბავშვების მონაცემების უკანონო გამოყენების, გასაჯაროებისა ან/და სხვა ფორმით უკანონო დამუშავების მიზეზი ხდება.