საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც მსხვერპლთა დაცვა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
„საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.
ბოლო წლების მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, რაც განპირობებულია მულტისექტორული, კოორდინირებული მიდგომითა და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით.
ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის საბოლოო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული გენდერულ ძალადობაზე ინსტიტუციების მიერ რეაგირება და ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს პასუხი ძალადობაზე არის ქმედითი და მკაფიოდ განსაზღვრული.
ზემოაღნიშნულ ანგარიშში ასევე ასახულია საქართველოს ხელისუფლების მიერ დამტკიცებული სტრატეგიული დოკუმენტები და კანონმდებლობა გენდერული თანასწორობის, გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორისაა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები და გენდერული თანასწორობის კონცეფცია.
საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა", - ნათქვამია განცხადებაში.