ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს ჰამასის მიერ გატაცებული 13 ქალი და ბავშვი წითელ ჯვარს გადაეცა. BBC-ის ცნობით, მათი გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამასმა 12 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა ციხეებში მყოფი 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. დროებითი ზავის ფარგლებში, ღაზის სექტორში დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა გახდა შესაძლებელი. ღაზაში, სამედიცინო აღჭურვილობით, საწვავითა და საკვებით დატვირთული 60 სატვირთო შევიდა. ჯამში, შემდგომი 4 დღის განმავლობაში "ჰამასის" მიერ 50 მძევალი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაა დაგეგმილი. სანაცვლოდ, ამავე პერიოდში ისრაელმა ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. მათი ძირითადი ნაწილი ქალები და არასრულწლოვნები იქნებიან.