ფეხბურთი | ბრაზილიის ნაკრებს, შესაძლოა, ქულები ჩამოაკლონ
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს, შესაძლოა, ქულები ჩამოაკლონ მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო ციკლში, მიზეზი კი ის არეულობაა, რომელიც არგენტინასთან შესარჩევ მატჩში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ პრინციპული მეტოქეების თამაში მარაკანაზე 27 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რასაც წინ ტრიბუნებზე ატეხილი აურზაური უძღოდა. ბრაზილიელ და არგენტინელ ფანებს შორის შეტაკება ჰიმნების შესრულების დროს დაიწყო, საქმეში კი პოლიცია ჩაერია, რომელმაც ბევრის აზრით გადამეტებული ძალა გამოიყენა.
ამ ამბავს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო: "ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი როგორც ფეხბურთში, ასევე, ზოგადად – საზოგადოებაში".
როგორც Globo Esporte წერს, ახლა ფიფაში იმას განიხილავენ, როგორ დასაჯონ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია, რადგანაც რეგლამენტის თანახმად, ამგვარ შემთხვევებში პასუხს სწორედ მასპინძელი მხარე აგებს. ირკვევა, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში ბრაზილიელები ფულადი ჯარიმით გადარჩებიან, შემდეგ კი მოდის მარაკანას დისკვალიფიკაცია და რამდენიმე მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება ანაც ნეიტრალურ სარბიელზე თამაში. ყველაზე მძიმე სასჯელი ქულების ჩამოკლება ან სულაც საკვალიფიკაციო ციკლიდან მოხსნაა.
ფიფას ვერდიქტის გამოსატანად ჯერ საკმარისი დრო აქვს, რადგანაც ბრაზილიელებს საკვალიფიკაციო ციკლში მომდევნო თამაში მხოლოდ გაისად სექტემბერში უწევთ. ამ დროისთვის, პენტაკამპეონებს 6 მატჩში მხოლოდ 7 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი უკავიათ (ფინალურ ეტაპზე სწორედ საუკეთესო ექვსეული გადის, მეშვიდეს კი პლეი ოფი უწევს). ბრაზილიას მომდევნო თამაში შინ ეკვადორთან ელის.