UFC | ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან დაგეგმილი ბრძოლის შესახებ ისაუბრა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, რომელსაც მომავალი წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ქამარზე ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი აქვს დაგეგმილი, გამარჯვებაში დარწმუნებულია და უკვე მომდევნო მეტოქეზეც ფიქრობს.
26 წლის "მატადორი", რომელიც ქვემსუბუქის წონის რეიტინგში მე-5 პოზიციაზეა, სატიტულო ბრძოლას 16 თებერვალს, ლას ვეგასში, ტურნირ UFC 298-ში გამართავს. ილია უკვე ჩამოყალიბებულია დივიზიონის ამჟამინდელ ჩემპიონთან ბრძოლის ტაქტიკაზე.
"მართლა ვფიქრობ, რომ ვოლკანოვსკისთან უპირატესობა მექნება. ის კარგი დამრტყმელია, მაგრამ - არა მოჭიდავე. არცთუ კარგია პარტერში. ვაპირებ, ვისარგებლო ამით, შევცვალო ვითარება და ვაკონტროლო ის"
ვოლკანოვსკიმ ბოლოს მსუბუქ წონაში ისლამ მახაჩევთან რევანში გამართა და ნოკაუტით წააგო. ამ ბრძოლას დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი მნიშვნელობას არ ანაჭებს.
"ის, რაც მის ბოლო ბრძოლაში მოხდა, ჩემთვის არაფერს ცვლის. ის ვერანაირად იქონიებს გავლენას ჩვენი დაპირისპირების შედეგზე. ასე რომ, მე სრულებით კონცენტრირებული ვარ და მსოფლიოში საუკეთესოებთან ვაგრძელებ მზადებას. დარწმუნებული ვარ, მოვიგებ. ალექსს დასაკარგი აღარაფერი აქვს. მან უკვე წააგო. მან უკვე იცის, როგორია ეს, მაგრამ თავად არ ვაპირებ, შევიგრძნო იგივე".
"16 თებერვალს ვცემ "ვოლკს", შემდეგ კი ესპანეთში მაქს ჰოლოუეისთან ვიჩხუბებ. ამჟამად ჩემი მიზანი ეს არის და მგონია, რომ შევასრულებ".
თოფურია არამხოლოდ დარწმუნებულია ვოლკანოვსკის დამარცხებაში, უკვე მომდევნო ჩხუბზეც ფიქრობს, რომელშიც ქამრის დაცვა მოუწევს. ის კიდევ ერთი ცნობილი მებრძოლი, რეიტინგის პირველი ნომერი, ამერიკელი მაქს ჰოლოუეი უნდა იყოს. აღსანიშნავია ის, რომ ესპანეთში მცხოვრები ქართველი მებრძოლი ამ ქვეყანაში UFC-ის ტურნირის პირველად ჩატარებასაც გეგმავს.
ილია თოფურიამ 2020 წლიდან დღემდე, UFC-ში 6-ჯერ იჩხუბა და ყველა მოიგო, აქედა 4 შეხვედრა კი ვადაზე ადრე დაასრულა. დაუმარცხებელი "მატადორი" პირველი ქართველია, რომელიც ბრძლას UFC-ის ქამრისთვის ჩაატარებს.
რაც შეეხება მის მომავალ და სავარაუდო მეტოქეებს, 35 წლის ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქ დივიზიონში 13-ივე ბრძოლა მოიგო, ჩემპიონის ქამარი კი, რომელსაც 2019 წლიდან ფლობს, უკვე ხუთჯერ დაიცვა. 31 წლის მაქს ჰოლოუეი ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია. მას ოქტაგონზე ჩატარებული 31 ბრძოლიდან 24 მოგებული აქვს და აქედან 11 ნოკაუტით.