* მაიკლ კეინი -
‘’90 წლის მოხუცებისთვის მთავარი როლები აღარ არსებობს’’ - სწორედ ამ სიტყვებით დაადასტურა ლეგენდარულმა ბრიტანელმა მსახიობმა მაიკლ კეინმა განცხადება კარიერის დასასრულების შესახებ BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მისი უკანასკნელი ფილმის ‘’დიდი გაქცეულის’’ პრემიერას მიეძღვნა.
* * *
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ელეგანტური ინგლისელი ჯენტლმენი, რომლის ნამდვილი სახელი მორის ჯოზეფ მიკლვაითია, არა შეძლებულ და არისტოკრატულ ოჯახში, არამედ ლონდონის ყველაზე ღარიბ კვარტალში დაიბადა. მისი მამა მტვირთავად მუშაობდა თევზის ბაზარზე, დედა კი, მზარეული და დამლაგებელი იყო. მეტიც, მომავალი მსახიობი წლების მანძილზე ცდილობდა ე.წ. ‘’კოკნის’’ ანუ ლონდონის ყველაზე მდაბიო ფენის აქცენტისგან გათავისუფლებას, რაც ბრწყინვალე არტისტული ნიჭის მიუხედავად, მაინც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
სკოლაში მორისი ნაკლები ენთუზიაზმით სწავლობდა, ვერცერთ საგანს გულს ვერ უდებდა და ხშირად აცდენდა, ამიტომ 15 წლისამ სინანულის გარეშე თქვა უარი სწავლაზე, რამდენიმე პროფესიის შეცვლის შემდეგ კი, ბრიტანეთის არმიას შეუერთდა და კორეაში გაემგზავრა საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში.
სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულმა მორისმა სუსექსის საგრაფოში თეატრის ადმინისტრატორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, 1955 წელს სამსახიობო კურსების დასრულების შემდეგ კი, ჯერ პროვინციული თეატრების სცენაზე გამოდიოდა, მერე ნაკლებად ცნობილ ტელედადგმებში ასრულებდა ეპიზოდურ როლებს.
კარიერის დასაწყისში მსახიობი მაიკლ სკოტის ფსევდონიმით სარგებლობდა, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით შეცვალა კეინის გვარით. მისივე განცხადებით ახალი ფსევდონიმი სრულიად შემთხვევით აირჩია, როცა ქუჩაში, სატელეფონო ჯიხურიდან აგენტთან საუბრისას, ფილმის ‘’ბუნტი ‘’კეინზე’’ აფიშას მოჰკრა თვალი და ძალიან მოეწონა. მართალია, იღბლიანმა ფსევდონიმმა კეინს წარმატება მოუტანა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ ნამდვილი სახელით სარგებლობს, რადგან სწორედ ასე მიმართავენ მეგობრები და ოჯახის წევრები.
თითქმის 70-წლიანი კარიერის მანძილზე კეინმა, რომელმაც პირადად ბრიტანეთის დედოფლისგან, ელისაბედ მეორისგან მიიღო რაინდის წოდება, 150-ზე მეტი ფილმი, „ოსკარის’’, ‘’ოქროს გლობუსის’’ ორი პრემია მიითვალა საკუთარ ანგარიშზე და ერთ-ერთი გახდა იმ მცირერიცხოვან მსახიობებს შორის, ვინც ოთხ სხვადასხვა ათწლეულში იქნა კინოაკადემიის პრემიაზე წარდგენილი მთავარი და მეორე პლანის როლების ნომინაციაში.
მსახიობმა უამრავ ბრწყინვალე რეჟისორთან მოასწრო თანამშრომლობა, თუმცა ყველაზე წარმატებული ალიანსი მაინც ბრიტანელ კრისტოფერ ნოლანთან შექმნა, ვისთან ერთად რვა ფილმზე იმუშავა ‘’დასაწყისის’’ და ‘’ბნელი რაინდის’’ ტრილოგიის ჩათვლით, თუმცა არანაკლებ საინტერესო სახეები შექმნა ლუი ლეტერეს, ლასე ჰალსტიომის და პაოლო სორენტინოს ფილმებში ‘’სიცრუის ილუზია’’, ‘’მეღვინეთა წესები’’ და ‘’ახალგაზრდობა’’.
* ‘’ალფი’’ –
ლუის გილბერტის დრამაში კეინმა ლიმუზინის ახალგაზრდა მძღოლის, მექალთანე ალფრედ ‘’ალფი’’ ელკინსის როლი შეასრულა, რომლის მთავარ მიზანს მშვენიერი სქესის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენლის მოხიბვლა წარმოადგენს.
ერთგვარ მონოლოგად ქცეულ ფილმში კეინის პერსონაჟი მეტწილად მაყურებელს მიმართავს და სწორედ მისთვის ცდილობს საკუთარ ქცევის ახსნას, თუმცა სინამდვილეში, საკუთარ თავს უფრო არწმუნებს, რომ თავქარიანობის მიუხედავად, მაინც სწორად იქცევა. სიმსუბუქის მიუხედავად, უდარდელი ცხოვრება მალე ტრაგედიით სრულდება, რადგან ყველა გამარჯვება ალფის მარცხად უბრუნდება.
მართალია, ალფის ქცევა მაყურებელთან ერთად კრიტიკამაც არაერთგვაროვნად შეაფასა, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარა კეინის არაჩვეულებრივ ნიჭი და მის მომაჯადოებელი ღიმილი ლოველასის როლში, რომელმაც მსახიობს ‘’ოსკარის’’ პირველი ნომინაცია მოუტანა.
სხვათა შორის, 1975 წელს ფილმის ერთგვარი გაგრძელება ‘’ძვირფასო ელფი’’ გამოვიდა ალან პრაისის მონაწილეობით, 2004 წელს კი, ჯუდ ლოუმ მოირგო მექალთანის როლი ფილმის რემეიქში ‘’ლამაზი ალფი, ანუ რა სურთ მამაკაცებს", თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით მისი პერსონაჟი ბანალური და ნაკლებად საინტერესო გამოვიდა.
* ‘’თამაში გაგდებაზე’’ –
ჯოზეფ მანკევიჩის დეტექტიურ ტრილერში, რომელიც ბროდვეის პიესის მოტივებზე შეიქმნა, კეინმა ლოურენს ოლივიეს გაუწია პარტნიორობა. მართალია, მსახიობები ისევ დუეტში წარადგინეს ‘’ოსკარის’’ ნომინაციაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ორივე პრემიის გარეშე დარჩა.
ერთი სახლის კედლებით შეზღუდული მოქმედების მიუხედავად, ფილმი მაინც საოცრად დინამიური გამოვიდა, ბოლომდე შეინარჩუნა ინტრიგა და დაძაბულობა. საინტერესოა ფილმის სიუჟეტიც, რომლის მთავარი გმირი დეტექტივების რომანების ავტორი, ცინიზმითა და სარკაზმით განთქმული მოხუცი არისტოკრატი ენდრიუ უაიკია.
საკუთარი თავითა და ცხოვრებითა კმაყოფილი უაიკი სრულიად მოულოდნელად ხვდება ახალგაზრდა ‘’მეტოქეს’’, რომელიც არა იმდენად რომანების წერაში, რამდენადაც ადამიანების
დამცირებაში, ცინიზმსა და ირონიაში უწევს კონკურენციას. მართალია, ორი გენიოსი ერთი ქალის მოპოვების სურვილით უპირისპირდება ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში არა სიყვარულის და პატივისცემის მოპოვებას ცდილობენ, არამედ საკუთარ უპრინციპობას დემონსტრირებენ და სინდისის ქენჯნის გარეშე ეჯიბრებიან უზნეობაში.
მართალია, ფილმში მხოლოდ კეინი და ოლივიე მონაწილეობენ, მაგრამ ტიტრებში გამოგონილი მსახიობებიც მრავლად არიან მოხსენიებული. უჩვეულო ხრიკს ტრილერის ავტორებმა მაყურებლის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის სურვილით მიმართეს, რომელიც ფილმის ფინალამდე დაძაბულია, რადგან ახალი პერსონაჟების გამოჩენას ელის.
სხვათა შორის, 2007 წელს ფილმის რემეიქი გამოვიდა, რომელშიც კეინმა ენდრიუ უაიკის როლი მოირგო, საკუთარი პერსონაჟი კი, ახალგაზრდა კოლეგას - ჯუდ ლოუს გადააბარა.
* ‘’ჰანა და მისი დები’’ –
კრიტიკოსების მიერ შედევრად აღიარებული დრამა, რომელიც ვუდი ალენმა კარიერის აღმავლობის პერიოდში გადაიღო და მისი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა 1980-იან წლებში, სამი ქალის ისტორიას მოუთხრო მაყურებელს. ფილმმა ‘’ოსკარის’’ სამი პრემია დაიმსახურა საუკეთესო სცენარის, ქალის მთავარი და მამაკაცის მეორე პლანის როლის ნომინაციაში.
სწორედ ალენის ფილმის წყალობით მიიღო კეინმა პირველი ‘’ოსკარი’’, როცა ერთ-ერთი დის მეუღლე განასახიერა, რომელიც მეორე დასთან რომანის გამო ტოვებს ცოლს და გარბის სახლიდან. მანამდე განსახიერებული პერსონაჟებისგან განსხვავებით, ელიოტი საოცრად ყურადღებიანი, თანამგრძნობი და გულისხმიერი, მეტწილად დადებითი პერსონაჟია, რომელიც საშინლად განიცდის ცოლის ღალატს და თვითონ აღიარებს საკუთარ დანაშაულს, რითაც მაყურებლის სიმპათიას, თანაგრძნობას იმსახურებს და იდეალურად ერგება დრამატულ კომედიას, როგორც თავად ალენმა უწოდა საკუთარ ფილმს.
* ‘’მეღვინეების წესები’’ –
შვედი რეჟისორის ლასე ჰალსტრიომის დრამაში, რომელიც ჯონ ირვინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა, კეინმა ბრწყინვალედ განასახიერა სენტ-კლაუდის ობოლთა თავშესაფრის მეურვე, დოქტორი უილბერტ ლარჩი, მით უფრო, რომ მისი პერსონაჟი საკმაოდ რთული და არაერთგვაროვანი, ერთის მხრივ, ცინიკური და დაუნდობელი, თუმცა მეორეს მხრივ, საოცრად გულისხმიერი და ობლებზე მზრუნველი ადამიანია.
მართალია, კეინმა მხოლოდ მეორე პლანის როლი შეასრულა, პირველობა კი, ახალგაზრდა ტობი მაგუაირს დაუთმო, მაგრამ კრიტიკოსებმა სწორედ მას უწოდეს ფილმის ‘’მთავარი მარგალიტი’’, რომელმაც ფილმის წარმატებაშიც უზარმაზარი წვლილი შეიტანა და თვითონაც დაიმსახურა მეორე ‘’ოსკარი’’.
* ‘’დიდი გაქცეული’’ –
უკანასკნელი ნამუშევარი - რეალურ მოვლენებზე შექმნილი დრამა ‘’დიდი გაქცეული’’ ნამდვილ ბენეფისად იქცა კეინისთვის, რადგან ბრწყინვალედ განასახიერა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 89 წლის ბერნარდ ჯორდანი, რომელიც უნებართვოდ ტოვებს მოხუცთა თავშესაფრის საფრანგეთში გამგზავრებისა და ვეტერანთა შეხვედრაზე დასწრების სურვილით, რომელიც მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში გადმოსხმის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ჯორდანი რეალური პიროვნებაა, რომელიც 2014 წელს მართლაც გაიპარა ბრიტანეთის სამხრეთში, პატარა ქალაქ ჰოვის მოხუცთა სახლიდან. 89 წლის მოხუცის გაუჩინარებამ არა მხოლოდ ჰოვიში გამოიწვია აჟიოტაჟი, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. მეტიც, უჩვეულო ისტორია ორ ფილმს დაედო საფუძვლად, რომელთა პრემიერა წელს, საშემოდგომო სეზონზე შედგა პრაქტიკულად ერთდროულად, თუმცა ტერი ლოუნის დრამაში ‘’უკანასკნელი იარაღი’’, მთავარი როლი ასაკობრივი გრიმით დაბერებულმა პირს ბროსნანმა შეასრულა, რომლის პერსონაჟმა არტი კროუფორდის გამოგონილი სახელი შეიძინა, რამაც ფილმის ავტორს რეალური ისტორიის თავისუფლად ინტერპრეტირების მეტი საშუალება მისცა.
* * *
პარტნიორობა კეინს არაჩვეულებრივმა ბრიტანელმა მსახიობმა,‘’ოსკარის’’ ორგზის ლაურეატმა და ე.წ. ‘’სამსახიობო ოსტატობის სამმაგი გვირგვინის’’ მფლობელმა გლენდა ჯექსონმა გაუწია, რომლისთვისაც ‘’დიდი გაქცეული’’ უკანასკნელ ნამუშევარი აღმოჩნდა, რადგან პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.
სხვათა შორის, კეინმა და ჯექსონმა ერთმანეთი 1975 წელს გაიცნეს ‘’რომანტიკული ინგლისელი ქალის’’ გადასაღებებზე, რომელშიც კეინმა ამპარტავანი მწერლის ლუის ფილდინგის, ჯექსონმა კი, მისი მოწყენილი ცოლის როლი შეასრულა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ მსახიობები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ისევ მეუღლეები განასახიერეს წლის საუკეთესო მელოდრამაში, რომელიც ბოლო ფილმი აღმოჩნდა ორივესთვის.
* * *
ფილმის რეჟისორობა ოლივერ პარკერმა ითავა, რომელმაც მეტწილად ბრიტანული კომედიის ჟანრში გაითქვა სახელი, როცა როუენ ატკინსონთან ერთად შექმნა სახალისო პაროდია ‘’აგენტი ჯონი ინგლიში: განახლება’’, თუმცა მანვე მიითვალა ანგარიშზე მელოდრამა ‘’იდეალური მეუღლე’’ და ტრილერი ‘’დორიან გრეი’’.
ფილმის საუნდთრეკზე ‘’მულენ რუჟის’’ და ‘’რომეოსა და ჯულიეტას’’ მუსიკის ავტორმა, BAFTA-სა და ‘’გრემის’’ მფლობელმა კრეიგ არმსტრონგმა იზრუნა, რომელიც 2010 წელს ბრიტანული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ორდენით.