დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა. ის ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუც ბეერში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სასტიკი თავდასხმა მოაწყო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება. ამავდროულად კი ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს. აღნიშნული საავადმყოფოს დირექტორთან ერთად რამდენიმე ექიმიც არის დაკავებული. ისრაელის სამხედრო ძალებში ამტკიცებდნენ, რომ ღაზას სექტორის უდიდესი საავადმყოფო „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა. ასევე კვლავ აქტუალურია „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების საკითხი. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი აცხადებს, რომ მძევლების გამოყვანის შესახებ მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეთანხმება პარასკევამდე ამოქმედდეს.