თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო. სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ მიზნით განხორციელებულ თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს.