ისრაელსა და ჰამასს შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარული პაუზა მომდევნო 24 საათში გამოცხადდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის დაბრუნებას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელის გათავისუფლებას მოიცავს. ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, მძევლების დაბრუნება მორალური და ეთიკური მოვალეობაა. მანვე აღნიშნა, რომ დროებით ჰუმანიტარულ ზავს მიესალმება, თუმცა მასთან დაკავშირეით გარკვეული ეჭვები არსებობს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება. მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში პაუზებიც გამოცხადება. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება ერთ დღიან პაუზას გამოიწვევს. ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ ჰუმანიტარულ ზავს, საერთაშორისო ლიდერებიც დადებითად აფასებენ. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებს შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.