ისრაელისა და ჰამასის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელეს, რომელშიც, როგორც თავად ამტკიცებენ, ასახულია, თუ როგორ შეჰყავთ „ჰამასის“ მებრძოლებს ალ-შიფას საავადმყოფოში ორი მძევალი. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციის მიზანია მძევლების აღმოჩენაა და გათავისუფლება. ამავდროულად, პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 7-დ ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალზე ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობა სწორედ ისრაელის შვეულმფრენებმა დაბომბეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ამ ბრალდებების გამო პალესტინის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. ამის პარალელურად, არაბული და მუსლიმური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან. საუდის არაბეთის, იორდანეს, ეგვიპტის, ინდონეზიის ოფიციალური პირები, ასევე, პალესტინისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდებიან და აღნიშნულ კონფლიქტზე დეტალურად ისაუბრებენ.