ახლო აღმოსავლეთსი ისრაელ-პალესტინის ომი გრძელდება. ჰამასი აცხადებს, რომ წინააღმდეგობის ძალები ღაზის სექტორში ისრაელის არმიასთან ხანგრძლივი ომისთვის მზად არიან. პარალელურად, ისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს, ქალაქში სახმელეთო ოპერაცია აქტიურ ფაზაშია. თავდაცვის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციას ატარებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ალ-შიფას შენობაში „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტა, ასევე მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო. „ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი ძალების მცდელობები ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმამდე შემცირებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა, რაშიც დამნაშავე „ჰამასია“. ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული ვითარება რჩება. გაერო-მ დაადასტურა, რომ ქალაქში დახმარება ვერ შეაქვს, რადგან ადგილზე მყოფ თანამშრომლებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ღაზაში სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი მეორე დღეა გამორთულია და დახმარების განაწილებისთვის საკმარისი საწვავი არ არის. პარალელურად, რუსეთში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების თაობაზე ისრაელთან ყველანაირი მოლაპარაკება შეწყვიტა