* ბრედლი კუპერი -
წარმატებული ჰოლივუდელებისგან განსხვავებით, რომლებიც ირწმუნებიან, თითქოს ბავშვობიდან იცოდნენ, რომ მსახიობები გახდებოდნენ, ბრედლი კუპერი ჯერ მზარეულობაზე ოცნებობდა, მერე იაპონიაში გამგზავრებას და აღმოსავლური ორთაბრძოლების შესწავლას ნატრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მსახიობობა არჩია და არც შეცდა, რადგან პრაქტიკულად წარმოუდგენელია თანამედროვე ამერიკული კინო მის მიერ შექმნილი სახასიათო პერსონაჟების გარეშე.
მართალია, კარიერა კუპერმა ეპიზოდური როლებით დაიწყო, მაგრამ ქარიზმისა და თანდაყოლილი არტისტული ნიჭის წყალობით სწრაფად მოიპოვა რეჟისორების ნდობა და კოლეგების პატივისცემა. მეტიც, დღეს კუპერი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მსახიობია, რომელიც არა მხოლოდ ცნობილი რეჟისორების პროექტებში მონაწილეობს, არამედ თვითონაც დგამს ფილმებს.
სასიამოვნო სიურპრიზად იქცა პუბლიკისთვის 2018 წელს გამოსული ‘’ვარსკვლავი დაიბადა’’, რომლითაც კუპერმა დებიუტი აღნიშნა რეჟისურაში. მართალია, 1937 წელს დადგმული ამავე სახელწოდების ფილმის მოტივებზე შექმნილი რომანტიკული მიუზიკლი სერიოზულ გამოწვევად იქცა მსახიობისთვის, რადგან მთელი ოთხი წელი იმუშავა სცენარზე, მერე კი, პროდიუსერობა და მთავარი როლის შესრულებაც თვითონ ითავა, მაგრამ მონდომებამ გაამართლა, რადგან მისმა ნამუშევარმა ყველაზე პრესტიჟული პრემიების - ‘’ოქროს გლობუსის’’, BAFTA-ს ნომინაციები დაიმსახურა და ‘’ოსკარის’’ პრემიით დაჯილდოვდა საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში.
* * *
პირველი ეპიზოდური როლი კუპერმა პოპულარულ სერიალში ‘’სექსი დიდ ქალაქში’’ მიიღო, რასაც მალე კიდევ ერთი სერიალი ‘’ქუჩები’’ მოჰყვა, მხატვრულ კინოში კი, ახალბედა მსახიობის დებიუტი ფილმით „ცხელი ამერიკული ღამე’’ შედგა, თუმცა ახალგაზრდული კომედია კრიტიკოსებმაც დაიწუნეს და გაქირავებაშიც ჩავარდა.
მცირებიუჯეტიან ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობის შემდეგ მეტ-ნაკლებად შესამჩნევი პერსონაჟები განასახიერა კუპერმა ფილმებში ‘’სიყვარული და სხვა უსიამოვნებები’’, ‘’შიშველი მედოლე’’ და ‘’დაპირება არ ნიშნავს ცოლად მოყვანას’’, ნამდვილი პოპულარობა კი, 2012 წელს მოიპოვა დევიდ რასელის კომედიით ‘’იმედის სხივების კრებული“, რომელშიც ბიპოლარული აფექტური აშლილობით შეპყრობილი ყოფილი მასწავლებელი განასახიერა და ‘’ოსკარის’’ ნომინაციაც დაიმსახურა.
წარმატებული აღმოჩნდა რასელთან თანამშრომლობა ფილმზეც ‘’ამერიკული აფერა’’, რადგან მსახიობმა ‘’ოსკართან’’ ერთად ‘’ოქროს გლობუსისა’’ და BAFTA-ს ნომინაციებიც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ კრიმინალურ კომედიაში, რომელსაც რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, კუპერმა ფედერალური ბიუროს მეტად ექსტრავაგანტური აგენტი განასახიერა და საოცრად კოლორიტული პერსონაჟი შექმნა, რომელმაც სერიოზული კონკურენცია გაუწია მთავარ გმირს - კრისტიან ბეილის ირვინგ როზენფელდს.
რეალურად არსებული პიროვნება განასახიერა კუპერმა კლინტ ისტვუდის დრამაშიც ‘’სნაიპერი’’, რომელმაც 225 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს ერაყში სამხედრო სამსახურისას. აღსანიშნავია, რომ ფილმი თავად კრის კლაინის მემუარების მიხედვით შეიქმნა და ‘’ოსკარის’’ ხუთგზის ნომინანტი გახდა, მორიგი ნომინაცია დაიმსახურა თავად კუპერმაც, რომლის ნამუშევარი კინოაკადემიის მესვეურებთან ერთად კრიტიკოსებმაც დადებითად შეაფასეს.
თითქმის 25-წლიანი კარიერის მანძილზე კუპერის ფილმოგრაფიამ უამრავი საინტერესო ნამუშევარი გააერთიანა, რომელთა შორის ერთ-ერთი ნილ ბერგერის ფანტასტიკური ტრილერი ‘’უსაზღვროა’’.
‘’უსაზღვრო’’(Limitless, 2011) -
უიღბლო მწერლის - ედი მორას ისტორია, რომელიც საოცარი აბების წყალობით იძენს უნიკალურ ინტელექტუალურ, ფიზიკურ შესაძლებლობებს და პრაქტიკულად ყოვლისშემძლე ხდება, ნილ ბერგერის ერთგვარი კინოვერსიაა მეცნიერების ჰიპოთეზისა, თითქოს ადამიანი საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების მხოლოდ 20 პროცენტს იყენებს, მაშინ როცა, სპეციალური სტიმულატორების ხელშეწყობით თავისუფლად შეუძლია კოგნიტიური პოტენციალის 100-პროცენტიანი დატვირთვით ამუშავება.
სხვათა შორის, შეერთებულ შტატებში დღესაც აქტიურად მიმართავენ სტიმულატორებს გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და მართალია, ედი მორას NZT ან სხვა ‘’ჯადოსნური პრეპარატები’’ მხოლოდ ფანტასტიკის მოყვარულთა გამონაგონია, მაგრამ მსგავსი მედიკამენტები, მათ შორის ნეირომეტაბოლური სტიმულატორები მართლაც არსებობს, თუმცა სასწაულებრივი ეფექტი არცერთს არ გააჩნია. ამასთანავე, ბოლო კვლევებმა უარყო მოსაზრება თითქოს ადამიანი ინტელექტუალური რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილს ხარჯავს, რადგან მეცნიერების მტკიცებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდი სრულად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს და არასდროს ცდილობს მის ‘’დაზოგვას’’.
* * *
ფანტასტიკური ტრილერი ‘’უსასრულო’’, რომლის ბიუჯეტმა 27 მილიონი დოლარი შეადგინა, მსოფლიო გაქირავებაში კი, 161 მილიონი მოაგროვა, ირლანდიელი ალან გლინის რომანის ‘’წყვდიადის მხარის’’ მიხედვით შეიქმნა, რომელიც ავტორის პირველ გამოქვეყნებულ წიგნად იქცა. მართალია, რომანი ვერ გახდა ბესტსელერი, მაგრამ ამერიკელი კინომწარმოებლების ინტერესი მაინც დაიმსახურა, თუმცა, ეკრანიზაციაზე უფლების შეძენიდან ფილმის პრემიერამდე თითქმის 10 წელი გავიდა. ‘’მაშინ რომ ერთქვა ვინმეს, ფილმის გადაღებას 10 წელი დასჭირდებოდა, ალბათ ბევრს ვიცინებდი, ან პირიქით, ძალიან ბევრს ვიტირებდი და საერთოდ უარს ვიტყოდი", - ხუმრობით გაიხენა ალან გლინმა, რომელიც მოუთმენლად ელოდა საკუთარი ნამუშვრის ეკრანულ პრემიერას.
‘’მთელი ფილმი ავადმყოფური ჰალუცინაცია, გამალებული რბოლა და ძალაუფლების წყურვილია, რომლის მოსაპოვებლად ადამიანები არაფერს ერიდებიან’’, - აღნიშნა ფილმის რეჟისორმა ნილ ბერგერმა, რომლისთვისაც’’უსაზღვრო’’ სხვისი სცენარით დადგმული პირველი ფილმი გახდა, რადგან მანამდე რეჟისორს მხოლოდ საკუთარი ლიტერატურული პროექტები გადაჰქონდა ეკრანზე, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნია მისტიკური ტრილერი ‘’ილუზიონისტი’’ და დრამა ‘’ინტერვიუ მკვლელთან’’.
გლინის რომანის ადაპტაციაზე გამოცდილმა ლესლი დიქსონმა - პოპულარული ფილმების ‘’თომას ქრაუნის აფერისა’’ და ‘’თმის ლაქის’’ სცენარისტმა იმუშავა, რომელიც მართალია, მოკრძალებულ ჰონრარს დასჯერდა, მაგრამ უარი მაღალ ანაზღაურებაზე მხოლოდ ფილმის პროდიუსირების სანაცვლოდ თქვა.
აღსანიშნავია, რომ ფილმი მნიშვნელოვნად განსხვავდება ლიტერატურული პირველწყაროსგან. მაგალითად, ბეჭდვით ვერსიაში მთავარ გმირს ედი სპინოლა ჰქვია და რომანის ბოლოს NZT -ს სხვა მომხმარებლების მსგავსად განიცდის დეგრადაციას, კინოვერსიაში კი, მართალია, ბრედლი კუპერის პერსონაჟის გვარი მორაა, რაც ‘’მომაკვდავს’’ ნიშნავს, მაგრამ ფინალურ სცენაში არა მხოლოდ ბრწყინვალედ გამოიყურება, არამედ ამბიციური გეგმებიც მრავლად აქვს მომავლისთვის.
* * *
მართალია, ედი მორას როლში ფილმის პროდიუსერებს მხოლოდ შაილა ლაბეფის ხილვა სურდათ, მაგრამ ავტოკატასტროფის და ხელის მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ მსახიობმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე. სწორედ მისი ადგილი დაიკავა ბრედლი კუპერმა, რომლის განცხადებით, მორას როლი საუკეთესო შეთავაზება იყო, რაც კი ოდესმე მიუღია, რადგან ძალიან მოეწონა რთული თუმცა, უნიკალური პერსონაჟი, რომლის ნიჭით თვითონაც სიამოვნებით ისარგებლებდა და რამდენიმე უცხო ენასთან ერთად იმ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრასაც ისწავლიდა, რომლებიც მრავლად აქვს სახლში.
ახალგაზრდა კუპერს პარტნიორობა გამოცდილმა რობერტ დე ნირო გაუწია, რომელმაც ბრწყინვალედ მოირგო ბოროტმოქმედის როლი. სხვათა შორის, სწორედ კუპერმა დაიყოლია დე ნირო ფილმში მონაწილეობაზე, რომელსაც პირველად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლისას შეხვდა და სწორედ მისი გავლენით გადაწყვიტა მსახიობობა.
‘’ის მსახიობი მჭირდებოდა მორას როლზე, ვინც მაყურებლს დააინტერესებდა და სიყალბის გარეშე, ბუნებრივად შეძლება აპათიური უიღბლოდან სამყაროს მბრძანებლად გადაქცევას. ბრედლის ნიუ-იორკში შევხვდი და მთელი საღამო ერთად გავატარეთ, მომავალ ფილმზე, ცხოვრებაზე და უამრავ აქტუალურ თემაზე ვისაუბრეთ. საოცრად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა და მივხვდი, რომ სხვებზე უკეთ მოერგებოდა მთავარ პერსონაჟს, რადგან მორა შემოქმედია და ადვილად გამოსდის ადამიანებთან ურთიერთობა, კუპერი კი, გონიერი, განათლებული ახალგაზრდა და მშვენიერი ორატორია’’, - გაუზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები ბერგერმა ჟურნალისტებს, ვისთვისაც კუპერთან მუშაობა, მისივე განცხადებით ნამდვილ სიამოვნებად იქცა.
‘’მაყურებლისთვის მთავარი მსახიობია, რადგან სწორედ მისი ცხოვრებით ცხოვრობს რამდენიმე ეკრანული საათი, რეჟისორი კი, ვალდებულია მსახიობის ოსტატობის გამოყენებით, ერთის მხრივ, სანახაობა შექმნა, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად ბუნებრივად და დამაჯერებლად გადმოსცეს მისი ეკრანული ცხოვრება. ძალიან მარტივი იყო კუპერთან მუშაობა, რობერტ დენიროსთან კი, თავიდან საერთო ენის გამონახვა გამიჭირდა, რადგან გადასაღებ მოედანზე სულ მის ლეგენდარულ როლებს ვიხსენებდი და დიდხანს ვერ ვბედავდი მსგავსი ავტორიტეტისთვის მითითებების მიცემას. თუმცა საბოლოოდ ისევ თვითონ დამეხმარა უხერხულობის დაძლევაში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არა მხოლოდ ბრწყინვალე მსახიობი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანია’’, - აღნიშნა ბერგერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
* * *
ფილმზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო ფილადელფიაში, თუმცა რამდენიმე ეპიზოდის გადაღების შემდეგ შემოქმედებითმა ჯგუფმა ნიუ-იორკში გადაინაცვლა, რადგან ბერგერისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ფილმის მშობლიურ ქალაქში გადაღება. ‘’ნიუ-იორკი - ერთადერთი და განუმეორებელი, რადგან სწორედ აქაა თავმოყრილი ამერიკის ფინანსური ელიტა და მხოლოდ აქ შეიძლება გაიაროს ადამიანმა გზა სიღატაკიდან მილიარდებამდე’’,- აღნიშნა რეჟისორმა, რომელმაც ჩაინათაუნის და თრაიბეკის, ჩელსისა და მიდთაუნის, მერვე ავენიუს Lynx-ის უნიკალური შენობის და ცენტრალური პარკის ფონზე გააცნო მაყურებელს საკუთარი ნიუ-იორკი.
ბერგერი მაქსიმალურად მოერიდა სპეცეფექტებით მანიპულირებას და ფილმი, მთავარი პერსონაჟის აღქმის მიხედვით გაყო ორ ნაწილად - ხელმოცარული ედი მორას სამყარო, რომელიც ნაცრისფერი, მოღუშული და უღიმღამოა, რადიკალურად განსხვავდება იმ ნათელ და ხასხასა ფერებში დანახული სამყაროსგან, რომელშიც კუპერის პერსონაჟი NZT-ს მიღების შემდეგ ხვდება. რეჟისორმა ორივე სამყაროსთვის განსხვავებული ვიზუალური სტილი შეიმუშავა და მაყურებელს მთავარი პერსონაჟის ცნობიერებაში შეღწევის, მისი განცდების სრულად გაზიარების საშუალება მისცა.
2011 წელს ‘’უსაზღვრო’’ სატურნის პრემიის ნომინანტი გახდა საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ფილმის კატეგორიაში, 2016 წლის შემოდგომაზე კი, CBS-მა ბრედლი კუპერის პროდიუსერობით გამოუშვა ამავე სახელწოდების სერიალი, თუმცა თავად მსახიობმა მხოლოდ მეორე პლანის როლი შეასრულა.