ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლს დაარტყეს. მედიის ცნობით, „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი კატარში ცხოვრობს, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ მისი სახლი ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის ადგილი იყო. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ჰამასის თავდასხმებს 50 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ღაზას ალ-შიფას საავამყოფოს ქვეშ მათ დაჯგუფება „ჰამასის“ შეირაღება და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელზე ავიაიერიში არაერთხელ განხორციელდა. „ჰეზბოლას“ თავდასხმაზე საპასუხოთ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთში რადიკალური დაჯგუფების სადამკვირვებლო პოსტი დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბერს დაწყებულ კონფლიქტს 1 200-ზე მეტი ისრაელელი და 11 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილებს შორის 4 600 ბავშვია.